ტოტალური საბანკო მონოპოლია დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელია

ტოტალური საბანკო მონოპოლია დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელია

 თუ რეალურად მოხდება და განხორციელდება საბანკო სექტორში სამართლიანობის მკაფიო ხაზების დადგენა, რასაც ფინანსთა მინისტრი სთავაზობს საზოგადოებას, ეს არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ დემოკრატიის ხარისხსაც თვისობრივად აამაღლებს, - ამის შესახებ ნიუ იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ლევან ბოძაშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ეკონომიკა სწორედ დემოკრატიას განავითარებს, რაც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანი გააკეთოს და თამამად ჩაერთოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

"შეუძლებელია საარჩევნო ასაკის მოსახლეობის უმრავლესობა საბანკო კრედიტებზე იყოს დამოკიდებული და ქვეყანაში რეალურად თავისუფალი არჩევნები ტარდებოდეს. მოქალაქე, რომელიც სასესხო პროდუქციის მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე არსებითად კაბალურად არის დამოკიდებული და ვერც საკუთარ ბიზნესს ანვითარებს, ვერ ქმნის საინვესტიციო დანაზოგს და მუდმივად იმის შიში აქვს, რომ სახელმწიფოსა თუ სამსახურში მცირედი რყევების შემთხვევაშიც კი ყველაფერს დაკარგავს, ვერ გააკეთებს თავისუფალ არჩევანს, რადგან მოცემული მდგომარეობის მცირედი შეცვლაც კი მის გაკოტრებასა და გაურკვეველ ფინანსურ მომავალთან ასოცირდება. ეს პრობლემა ასევე ეხება საჯარო სამსახურში დასაქმებულებსაც, საბანკო კრედიტების მქონე ადამიანთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზეც მოდის, რაც ამ ადამიანთა თავისუფალი პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებას საწყის ეტაპზევე კლავს და ხელს უშლის სახელმწიფო ინსტიტუტების რეალურ დეპოლიტიზაციას. ეს ყველაფერი ქმნის ე.წ. გაბატონებულ ტენდენციას, რაც კორპორატიულ საბანკო ინტერესს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ოლიგარქიულ ნომეკლატურად აქცევს. დღეს საბანკო სექტორი სწორედ რომ არა რეალური ეკონომიკის მასტიმულირებლად, არამედ ოლიგარქიულ სეგმენტად იქცა და ირიბად ახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესზე. ამის კონკრეტული მაგალითებიც არსებობს, იგივე კონსტიტუციის შემუშავების პროცესთან მიმართებითაც. ამავე დროს, ზუსტად ისევე, როგორც საბაზრო ეკონომიკა არის დემოკრატიის განვითარების საფუძველი და ნაწილი, სოციალური პასუხისმგებლობაც იმ ეკონომიკის 60%-ის განმსაზღვრელი სეგმენტის არა მხოლოდ მორალური, არამედ ინსტიტუციური ვალდებულებაცაა. ამ ვალდებულების უზრუნველყოფა კი თუ ის არ მოდის კერძო სექტორიდან, უნდა გახდეს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დემოკრატიის საწინააღმდეგოდ იმუშავებს თვისობრივად. ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილიც აცხადებდა, რომ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნიდა ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის  განვითარება.ივანიშვილი ხაზს უსვამდა იმასაც, რომ ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება და რომ როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. 2016 წელს გაკეთებულ კომენტარში ყოფილი პრემიერი მიიჩნევდა, რომ იმ პერიოდში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნიდა, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვდა. ივანიშვილი ამბობდა, რომ მთავრობას მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ემოქმედა, რასაც რთულია არ დაეთანხმო", - აღნიშნავს ბოძაშვილი.