საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის ჩატარდება უმრავლესობის სხდომა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ სხდომასთან დაკავშირებით „მედიაში ძალიან ზედმეტი მოლოდინები შეიქმნა“.
"პარტიის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს და უმრავლესობის სხდომა ერთგვარი შეჯამებაა იმ შიდაპარტიული კონსულტაციების, რომელიც მიმდინარე საკითხებზე გვაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს საკითხები, რაზეც ბოლო 2 კვირის განმავლობაში უმრავლესობის წევრები განცხადებებით გამოდიოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთ სტრატეგიულ თემას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს არ უკავშირდება. ეს არის შიდაპარტიული თემები, რომელიც შიდაპარტიული კონსულტაციებით გადაწყდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ქუთაისში 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
ცნობისთვის, უმრავლესობის შეკრებაზე განხილვის ძირითადი თემა ის დაპირისპირებაა, რომელიც მმართველ გუნდში წარმოიშვა.