„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის, ბორდსა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმს კი შეასუსტებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაშია ნათქვამი.
„თავისუფალი მედია ძალიან აქტიური იყო და ხედვების ფართო სპექტრს აშუქებდა. თუმცა, სამი ტელეკომპანიის - „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია სივრცე კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტიდან ფინანსირებად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში მთავრობისა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა იზრდება“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა სადავო ცვლილებებმა, რომლებიც პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა წარუდგინა, გამოიწვია შეშფოთება არხის რესტრუქტურიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა და რომელიც წლის ბოლოს პრეზიდენტის მხრიდან თანხმობას ელოდება, როგორც მოსალოდნელია, გაზრდის არხის მენეჯმენტის ძალაუფლებას, შეასუსტებს ბორდს, გაზრდის კორუფციის რისკებს და შეასუსტებს თანამშრომლების დაცვის მექანიზმს“, - აღნიშნულია მოხსენებაში.