საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს არის ნაბიჯი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების მხარდასაჭერად

საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს არის ნაბიჯი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების მხარდასაჭერად

საუკეთესო გამოსავალი მშვიდობის დამყარება და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა, რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შეფასებისას განუცხადა. 

ვოლკერის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს არის ნაბიჯი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების მხარდასაჭერად, ვინაიდან საქართველო, ისე როგორც ყველა ჩვენ, ამ რეგიონებს სუვერენული საქართველოს ნაწილად ვხედავთ. მისივე თქმით, კონსტრუქციულია ამ ტიპის ხალხთაშორის კავშირებზე მუშაობა. 

“ამ დღეებში ვნახე ფოტო სურათი საქართველოდან, სადაც რუსებმა კონფლიქტის ხაზი სამხრეთ ოსეთში გადმოსწიეს და ამდენად ერთ-ერთ ქართულ ოჯახს აღარ შეუძლია ოჯახის წევრის საფლავი მოინახულოს - საფლავი, რომელიც საზღვრის მეორე მხარეს მოექცა. ეს დიდი ადამიანური ტკივილი და შემაშფოთებელი ამბავია. საუკეთესო გამოსავალი მშვიდობის დამყარება და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა, რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ”, - განაცხადა ვოლკერმა.