ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არაჯეროვნად გამოიყენა სამართლებრივი შეღავათები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც როგორც ჩანს, ასეთ შეღავათს არ იმსახურებდა, - აღნიშნული განცხადება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
“თუკი გუნდში მსჯელობა იქნება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს ისეთი შეღავათი, როგორიც პრეზიდენტმა გამოიყენა, მე აუცილებად მხარს დავუჭერ. ვფიქრობ, ამაზე უმრავლესობაში დისკუსია გაიმართება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
გამოძიების ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალი მამინაცვალმა მოკლა. ახალგაზრდა ქალი ყელის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო ნასამართლევი. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა, გუშინ, თელეთში დააკავეს.