პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევას ეხება

პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევას ეხება

საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს და ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ პრობლემებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში დღეს არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს რეზოლუციის მიღების შემდეგ განუცხადა. 

„რეზოლუციაში ჩვენი მკაცრი შეფასებაა მომხდარზე, მაგრამ, ამავე დროს, კონკრეტული მოთხოვნები დავაყენეთ, სადაც ვსაუბრობთ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებაზე საერთაშორისო მხარების ჩართულობით, ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების დაშვებაზე მონიტორინგის მიზნით, რაც მიგვაჩნია, ძალიან პრინციპული საკითხია, მოვითხოვთ, რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება ძალის არ გამოყენების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ რეზოლუციის მიღების შემდეგ გავაგრძლებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან, რომ იყოს კონკრეტული ნაბიჯები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდა ერთიანი პრინციპული პოზიცია. სამწუხაროდ, ორი ძალა არის პარლამენტში, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას. საზოგადოება კარგად მიხვდება მათი სიტყვები და საქმე რამდენად თანხვედრაშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და "პატრიოტთა ალიანსმა" ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს