”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” მიღება იმის გამოვლინებაა, როგორ შეუძლია ძლიერ ოპოზიციას თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები

”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” მიღება იმის გამოვლინებაა, როგორ შეუძლია ძლიერ ოპოზიციას თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” მიღება არის იმის გამოვლინება, თუ როგორ შეუძლია ძლიერ ოპოზიციას თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც იქნა დაგმობილი რუსეთის ფედერაციის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც მთავარია, შეიქმნა ე.წ ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია, ანუ ”შავი სია”, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მკვლელობებზე. 

”ეს იდეა ჩვენ წამოვაყენებთ სამი კვირის წინ და გაზიარებულ იქნა „ქართული ოცნების“ მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეა პარლამენტმა მიიღო და სახელმწიფოებრივად ნაწილობრივ მაინც უპასუხა იმ გამოწვევას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძლებთ იმ კურსის კრიტიკას, რომელიც გააჩნია დღეს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ნამდვილად არაა ინდულგენცია მთავრობისთვის, რომ ვითომ ამით შეიძლება დაიფაროს მცდარი ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები იმასთან, თუ როგორ უდგება მთავრობა რუსეთის ფედერაციას. სერიოზული შეშფოთებით მოვეკიდეთ იმ წერილს, რომელიც პრემიერ–მინისტრმა მისწერა რუსეთის ფედერაციას და ეს წერილი უარყოფითად შეაფასეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეშფოთებული ვართ იმით, თუ რა შეიძლება მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. გავაგრძლებთ მთავრობის კონტროლს, რომ მცდარი ნაბიჯები არ გადადგან. სიის მიღება არის გამოვლინება იმის, როგორ შეუძლია ძლიერ ოპოზიციას თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები”, - განაცხადა კაპანაძემ.