რა თქმა უნდა, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ამ რეგიონებში ხდება, მათ შორის პასუხისმგებლობა ეკისრება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომელმაც რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
როგორც თალაკვაძემ აქვე აღნიშნა, მიუხედავედ იმისა, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება ასე უხეშად შეილახა, საქართველო წონასწორობას არ დაკარგავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით შეეცდება.
“ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და შექმნილ ვითარებაზე, რაც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პასუხები იქნას გაცემული. ამავე დროს, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომნ ჩვენი გუნდის პოლიტიკა და მიდგომა პრობლემებთან მიმართებით განუხრელად რჩება პრაგმატული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და საკუთარი მიღწევების კონსოლიდაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ რეზოლუციის პროექტის წარდგენისას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.