პრემიერ-მინისტრს იმაზე მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს, ვიდრე პარლამენტში მოსვლაა

პრემიერ-მინისტრს იმაზე მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს, ვიდრე პარლამენტში მოსვლაა

საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვს. 

როგორც უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხონ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით. 

”რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიზანი იყო რუსეთს აეღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. იმ ნაბიჯით, რა ნაბიჯიც გვახარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამწუხაროდ, ასეთი ვალდებულების აღება არ ხდება. მაშინ კითხვა ისმის, რა ხეირი საქართველოს აქედან? აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა პარლამენტში. იგი დიდი ხანია დაბარებული გვყავს უმცირესობის ფორმატში, თუმცა არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას და არ მოდის. გასულ კვირას მოვითხოვეთ პრემიერ-მინისტრის მოსვლა, რადგან ჟენევის ფორმატში ცვლილებების ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია, რომ მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პარლამენტის წევრების კითხვებს პასუხი”, - განაცხადა კანდელაკმა. 

მისივე თქმით, ასევე გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დუმილი სკრიპალის საქმეზე. 

”დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალური და მწვავე თემა არის რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მოწამვლა ქიმიური იარაღის გამოყენებით. დიდმა ბრიტანეთმა, ცივილიზებულმა სამყარომ, ნატო-მ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დაადეს ხელი რუსეთის ფედერაციას. ასეთ ფონზე საქართველოს დუმილი იწვევს ჩვენი მოკავშირეების გაკვირვებას. ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია არც პრემიერ-მინისტრს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. იყო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ”ტვიტერზე” განცხადება, რომ საქართველო თურმე მხარს უჭერს ბრიტანეტს სიმართლის დადგენაში. ამას ამბობს სწორედ რუსეთი, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს, არ ვიცით ვინ მოწამლა ბატონი სკრიპალიო. ეს დუმილი არის როგორც მინიმუმ გაუგებარი, ძალიან დიდი შეცდომა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიის მაჩვენებელი. ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როგორიც ჩამოყალიბდა დღეს, არ ყოფილა ცივი ომის შემდეგ. ასეთ ფონზე და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფონზე, არჩილ ტატუნაშვილის სადისტური მკვლელობის ფონზე, როგორც მინიმუმ გაუგებარია პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ, სადაც იგი მუდარის ტონში ეხვეწება ოკუპანტს, რომ გაიღოს მოწყალება საქართველოზე და საუბრობს რაღაც პირდაპირ დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან. დიალოგის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატები, მაგრამ ის რაზეც საუბრობს პრემიერი, საფრთხეს უქმნის თავად ოკუპაციის სამართლებრივ განზომილებას, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ვგულისხმობთ, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სტრუქტურებზე. თუ ჩვენ ამ სტრუქტურებს ლეგიტიმურად ვაღიარებთ, ვამბობთ, რომ ოკუპაციას ადგილი არ აქვს”, - განაცხადა კანდელაკმა. 

დეპუტატის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ”ქართული ოცნება” დაეთანხმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცებას. 

”ეს არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ კარგად ჩაივლის დღევანდელი მოსმენა-დისკუსია და მივიღებთ ამ რეზოლუციას. აუცილებელია ერთობლივი მუშაობა და ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ სანქციების ამ პაკეტის ინტეგრირება მოხდეს ევროპარლამენტში შესაბამის რეზოლუციაში. იცით, რომ იგივე დიდი ბრიტანეთი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, ძალიან მწვავე პაკეტის შემოღებას, იგივეს აპირებს აშშ და უნდა ვიმუშავოთ, რათა ჩვენს მიერ მიღებული სანქციების ინტეგრირება მოხდეს ამ სანქციებში, რათა გაჩნდეს სერიოზულად შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგ”, - აღნიშნა დეპუტატმა.