არჩილ თალაკვაძე: რუსეთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, პასუხების გაცემა მოუწევს

არჩილ თალაკვაძე: რუსეთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, პასუხების გაცემა მოუწევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა იმ პირის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა მოხდეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის.

დეპუტატმა ტატუნაშვილის ოჯახს დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაკარგი როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ დანაკარგს. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, 28 დღის დაგვიანებით მოხერხდა ცხედარი გადმოსვენებულიყო. ექსპერტიზა ჩატარდა და ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად საფუძვლიანად გამოვიძიებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამნაშავეები გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ. ეს ძალიან მძიმე ფაქტია, თუმცა საქართველო მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდეს.

პირველი მოთხოვნა იყო, ცხედარი ოჯახს გადმოცემოდა, რაც მოხერხდა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ვითხოვთ, მათ შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ასევე ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, რომელიც რუსეთს დღემდე შეუსრულებელი აქვს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე თქმით, „გამოძიების შედეგად მტკიცებულებები მაქსიმალურად უნდა იყოს მოპოვებული“.

„ჩვენმა საგამოძიებო ორგანოებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე გამოძიება ჩაატარეს, სასამართლომ კონკრეტული პირის ბრალეულობა დაადგინა და მკვლელი პასუხისგებაშია მიცემული. მის მიმართ წითელი ცირკულარით დაწყებულია საერთაშორისო ძებნა და ეს ადამიანი იმ ტერიტორიას ვერ დატოვებს, სადაც ეს დანაშაული მოხდა. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, ბრალდებული, ან მსჯავრდებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მტკიცებულებები იყოს მაქსიმალურად მოპოვებული, მოწმეები დაკითხულნი და ყველა იმ დარღვევის დოკუმენტირება მოხდეს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი. საერთაშორისო ფორმატებში, სადაც საქართველო მონაწილეობს, რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულ კონტროლს ახორციელებს, რა თქმა უნდა, პასუხების გაცემა მოუწევს", - დასძინა თალაკვაძემ.