გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ახალ ანგარიშში თურქეთს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისკენ მოუწოდებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რომელიც 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა, რადგან ქვეყანაში ადამიანების უფლებები სერიოზულად ირღვევა.
მოხსენების თანახმად, ძალაუფლების წარუმატებელი ჩამორთმევის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაქვეყნა 20-ზე მეტი განკარგულება, რამაც დაკავებულების წამება და სასამართლო სისტემაში ჩარევა გამოიწვია. აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა, ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენება.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 28 გვერდიან დოკუმენტში ასევე თურქეთში პოლიციის, ჟანდარმერიის, სამხედრო პოლიციის და უშიშროების ძალების მხრიდან პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი. კერძოდ, წამება, სექსუალური ძალადობა, არასათანადო მოპყრობა, ელექტრო შოკი და თვითნებური პატიმრობა, აგრეთვე აზრის გამოხატვის თავისუფლების და მუშაობის უფლების შეზღუდვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ზაიდ რად ალ-ჰუსეინის თქმით, დაკავებული ან თანამდებობიდან გათავისუფლებული პირების რაოდენობა "შემაძრწუნებელია".
გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთში ბოლო 1.5 წლის განმავლობაში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დააკავეს, 152 ათასი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს და ეს ყველაფერი ″სრულიად თვითნებურად″ გაკეთდა.
″მასწავლებლები, მოსამართლეები სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს; ჟურნალისტები დააკავეს, მედია საშუალებები დაიხურა ან ინტერნეტ საიტებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა... ნათლად ჩანს, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობის არაერთხელ გაგრძელება ძალიან ბევრი ადამიანის ადამიანური უფლებების სერიოზულად და თვითნებურად დასარღვევად იქნა გამოყენებული″, - განაცხადა მან.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ძალები ″მძიმედ და სერიოზულად″ ადამიანის უფლებების დარღვევას განაგრძობენ. მათ შორის სავარაუდოდ ესენია მკვლელობა, წამება, გადამეტებული ძალის გამოყენება, სახლების დანგრევა და ქურთული კულტურის განადგურება. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე რეგიონში სიტუაციის შესაფასებლად რეგიონში შესვლის ნებართვაც მოითხოვა.