„ნაციონალური მოძრაბა“ ჟენევის კონსულტაციებზე რუსეთის მიერ დაანონსებული ფორმით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციები ძირითადად რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა, დამაფიქრებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ანერვიულებული კომენტარები“ ამ საკითხზე.
ვაშაძის შეფასებით, საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო.
„რუსული პრესა, რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე, ვციტირებ: „საქართველო, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები, მიიღებენ დეკლარაციას, რომელის მიხედვითაც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე“. გასაგებია, რომ რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იყენებს იმ ლექსიკას, რომელსაც მიჩვეულია, მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანერვიულებული კომენტარები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დელეგაციამ, ჟენევის კონსულტაციებზე მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რაც ჩვენი პოზიცია იყო ამ კონსულტაციების პირველივე დღიდან. კერძოდ, რუსეთს აეღო საქართველოს წინაშე ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს, როდესაც თავის გაგზავნილ წერილში გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ნატოს და ა.შ. საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება აიღო ძალის არგამოყენების შესახებ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ამ დეკლარაციით საქართველოს დელეგაციამ მისცა რუსეთს საშუალება, პროპაგანდისტულად გამოიყენოს ეს დეკლარაცია და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რომ მას აღარ სჭირდება ცალმხრივად საერთაშორისო ვალდებულების აღება ძალის არგამოყენების შესახებ და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რა თქმა უნდა, თავისთვის, რომ ეს დეკლარაცია საერთაშორისო სამართლებრვი თვალსაზრისით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. იმედი მაქვს რომ ვცდები, მაგრამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ ჩვენ ასევე უარი ვთქვით მოთხოვნაზე, სასწრაფოდ შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი, რის გარეშეც, დეკლარაცია კი არა რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ან შეთანხმება, უბრალოდ ფარატინა ქაღალდია. თუ ამ დეკლარაციაში, რაიმე სახით, სადმე მხარე ან როგორც დეკლარაციის ავტორი ნახსენებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვით ჟენევის ფორმატის შეცვლა, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების, რომლებიც მხოლოდ პირად ხარისხში იყვნენ ამ კონსულტაციებზე, მათი სტატუსის შეცვლა და რაც ყველაზე ცუდია, ამ შემთხვევაში, ჩვენ დავთანხმდით იმაზე, რომ მათ საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტურობის ნიშნები ენიჭებათ. ამ დეკლარაციის მიღებით, ჩვენ შევედით ძალიან ცუდ თამაშში რუსეთთან ერთად, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს დელეგაციას ჟენევის კონსულტაციებში ორიენტირები სრულად აქვს დაკარგული და ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ისინი თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, ძალის არგამოყენებაზე საუბრობენ იქ.
და ბოლოს, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიების ფონზე, რუსეთის ფედერაციასთან მსგავს დოკუმენტებზე საუბარი სრული ამორალობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს იზოლირებული ინციდენტი არაა. იმედია, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაითვალისწინებს მოქალაქეების უკიდურეს შეშფოთებას და არ დაუშვებს იმას, რომ დათმოს ჩვენი პოზიციები ჟენევის კონსულტაციებზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. გრიგორი კარასინის თქმით, პროგრესი ამ კუთხით მიღწეული იყო წინა შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა. მისი ინფორმაციით, ზეპირი დეკლარაცია იურიდიულად არასავალდებულო, ნეიტრალური ხასიათის იქნება, ანუ მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება.