“გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში იმ ხვრელების ამოვსება მოხდება, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირები დანაშაულებრივ საქმიანობას ასრულებდნენ

“გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში იმ ხვრელების ამოვსება მოხდება, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირები დანაშაულებრივ საქმიანობას ასრულებდნენ

“გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში იმ ხვრელების ამოვსება მოხდება, როცა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები დანაშაულებრივ საქმიანობას ასრულებდნენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებს ამზადებს.

ოხანაშვილის ინფორმაციით, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე და 333-ე მუხლებთან ერთად, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, სსკ-ში ახალი სპეციალური მუხლი ჩაიწერება, სადაც უფრო კონკრეტულად და ვიწროდ განისაზღვრება, რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინონ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა.

დეპუტატის განმარტებით, იქნება ჩანაწერი სპეციალური სუბიექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებების პირები შევლენ. მისივე თქმით, სანქციები იმაზე მკაცრი იქნება, ვიდრე არის დღეს მოქმედი კოდექსით, როდესაც დანაშაულს სახელმწიფო მოხელე სჩადის.

“იქნება სპეციალური შემადგენლობა, სადაც დაკონკრეტდება დანაშაულის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე სანქცია ისედაც არსებობს, მაგრამ ამის კიდევ უფრო ვიწროდ და კონკრეტულად წარმოჩენა მოხდება, რათა ნორმა იყოს კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრული და ისეთი შემთხვევები, რასაც სისტემური დანაშაულის ფორმა ჰქონდა და როდესაც ერთი ადამიანის მიმართ შეთქმულება ხდებოდა, მკაცრად იყოს პასუხისგებაში მიცემული და მოხდეს პრევენცია, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს ასეთი დანაშაულის ჩადენა. იქნება ჩანაწერი სპეციალური სუბიექტის შესახებ - ეს არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებების პირი. “სისხლის სამართლის კოდექსში“ არის ზოგადი ჩანაწერი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. ამ ზოგადი მუხლიდან გამოვიტანთ იმ სპეციალურ შემთხვევას, რაც ყველაზე მგრძნობიარე იყო და რასაც ჰქონდა ადგილი ადრე. ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, მაგრამ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი და უკანონო, მკაცრად დასჯადი იქნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირება უახლოეს დღეებში იგეგმება.