ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს

ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს

2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ, თუ ვინ დაწერს რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებენ.

ნატალი საბანაძე პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ საპარლამენტო რეზოლუციის მიღების თაობაზე და არ გამორიცხავს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი გარკვეულწილად ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახოს.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ოკუპაციაზე, ძირითადად, ომზე და ოკუპაციის შედეგებზე. რეზოლუციის მიღებას, ალბათ, ზაფხულში უნდა ველოდოთ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე. ამ კონტექსტში ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილება ძალიან დროულია. მუშაობა გაგრძელდება იმაზეც, რომ ევროპარლამენტმაც თავისი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ამაზე რამდენიმე კვირის წინ საუბარი იყო ევროპარლამენტში საქართველოს პარლამენტის მრავალპარტიული დელეგაციის სტუმრობის დროს“, - განაცხადა საბანაძემ.

რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შესულ პირებს შესაძლოა, ევროკავშირის მიერ დაუწესდეთ, ელჩის განმარტებით, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს მონახაზი, რა ტიპის შეზღუდვებზეა საუბარი და შემდეგ გავრცელდეს მოწოდება, რომ სხვებმაც მხარი დაუჭირონ ამ ნაბიჯს.

„სამუშაო იქნება იმის შესახებ, თუ რა სახით დაუჭერს ევროპარლამენტი მხარს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას“, - დასძინა ნატალი საბანაძემ.