ბორის ჯონსონი:  სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დამნაშავე ვლადიმერ პუტინი და კრემლია

ბორის ჯონსონი: სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დამნაშავე ვლადიმერ პუტინი და კრემლია

რუსეთის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დამნაშავე ვლადიმერ პუტინი და კრემლია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, მთავარია ვაჩვენოთ, რომ დამნაშავე არ არის რუსეთის მოსახლეობა“, - აღნიშნა ჯონსონმა.

მინისტრის თქმით, სერგეი სკრიპალის მოწამვლამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ კრემლის წარმომადგენლების შეუსაბამო ქცევამ კრემლის ბრალეულობაში დაარწმუნა.

„ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, მხოლოდ უამრავი სატირული „ტვიტი“ ვნახეთ“, - განაცხადა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ კრემლი უნდა გაერკვეს მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ არსებობის ვერსიაში.

„ერთ განცხადებაში გვეუბნებიან, რომ „ნოვიჩოკს“ არასდროს არ აწარმოებდნენ. მეორეში ამტკიცებენ, რომ მას აწარმოებდნენ, მაგრამ მისი მარაგები გაანადგურეს. მესამე განცხადებაში ამბობენ, რომ ყველა მარაგი გაანადგურეს, იმ მცირე რაოდენობის გარდა, რომელიც შეიძლება მოხვედრილიყო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, აშშ, შეიძლება დიდი ბრიტანეთიც“, - განაცხადა ჯოსნონმა.

შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.