რაც მოხდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა განაცხადა.
"ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ ან არ ვეთანხმებოდეთ იმას, რაც ჟურნალისტმა თქვა, მაგრამ ძალადობას აქ არავითარი ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ასეთი ქმედება მიუღებელია. ჩემი ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ში მიმდინარეობს შიდაპროცედურა ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ ტელევიზია თავად აგვარებს ეთიკურ საკითხებს", - განაცხადა ნილს სკოტმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევას სათანადო ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს.
"სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მედიას შიდარეგულაციები უნდა ჰქონდეს, თუ რა არის ეთიკური და რა არა. ძალადობრივი გზით ამის მოგვარება ყოვლად დაუშვებელია",- აღნიშნა ნილს სკოტმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. გარდა ამისა შსს-ში გამოძიება ორ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.
„ქართული მარშის” წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებდნენ.
“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.