აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით გაოცებული არ ვართ

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით გაოცებული არ ვართ

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მათში გაოცება არ გამოუწვევია.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჰოგან გიდლიმ განაცხადა.

„არჩევნების შედეგებით გაოცებული არ ვართ. ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რუსეთს დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, ჩვენ ასევე ვსწავლობთ ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობებს იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს პასუხობს“, - აღნიშნა ჰოგან გიდლიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ არ მიულოცია.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა. ბიულეტენების 99,84%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,6% მიიღო.