„რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა

„რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. შსს-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან. გარდა ამისა შსს-ში გამოძიება ორ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

”ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ დაწყებული ინციდენტის შესახებ „112“-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან”, - აცხადებენ შსს-ში.