ქართველი კრიმინალების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს, იმ პირების დიდი ნაწილი, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ, რუსეთის მოქალაქეები არიან

ქართველი კრიმინალების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს, იმ პირების დიდი ნაწილი, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ, რუსეთის მოქალაქეები არიან

ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს, - ამის შესახებ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. 

”ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოში ვიზალიბერალიზაციის საკითხს განვიხილავდით, საფრანგეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია ასეთი იყო - ევროკავშირში უამრავი ქართული კრიმინალური დაჯგუფებაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ტყუილია და შემიძ¬ლია გითხრათ, რატომ: პირველ რიგში, ისინი ძველ სტატისტიკას იყენებენ და მეორე, ამ სტატისტიკას ქართული გვარების მიხედვით თვლიან. ანუ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირებისა, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ და ფრანგები ქართველ კრიმინალებად თვლიან, რუსეთის მოქალაქეები არიან. უვიზო რეჟიმი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან შემოვიღეთ და არა რუსეთის მოქალაქეებთან. ამას დაუმატეთ გვარის შეცვლის პრაქტიკა და მიხვდებით, რამდენად "გაბუქებულია" ისტორია ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდების თარეშის შესახებ. იგივე ხდება შვედეთშიც. ამ საკითხის აქტუალურობა თვითონ შვედეთში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიებით არის განპირობებული”, - განაცხადა მამიკინსმა. 

ევროპარლამენტარი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ საუბარი შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე გადაჭარბებულია. 

”დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს. ყველაფერი სპეკულაციაა და იმ მიმდინარე პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ან ევროკომისიის წარმომადგენელი მიმართავს ხოლმე”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.