10 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორს კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრები – დათო ბზიშვილი და ალექსანდრე კიკოლაშვილი დატოვებენ. ისინი 26 ივნისს მაშინ დააკავეს, როდესაც სოფელ მერეთში კოალაცია ,,ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დასახვედრას გამოსული მოსახლეობის დარბევა მოხდა. აღნიშნულ დარბევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გორის შერეული ორთაბრძოლების კლუბში გაწევრიანებული მოკრივეები იღებდნენ მონაწილეობას. პოლიციამ საინფორმაციო საშუალებებში ვიდეო-კადრების გავრცელების შემდეგ, 4 პიროვნება დააკავა. მათ შორის ,,ქართული ოცნების” წევრები – ბზიშვილი და კიკოლაშვილი. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს – ლაშა ჭიღლაძეს და ალექსანდრე ოდიშვილს, ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. პოლიციის მიერ დაკავებულ ოთხივე პირს გორის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული წესით 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ლექსო ვალიაურმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დაკავებული ,,ნაციონალები” 2 დღეში გაათავისუფლეს. მისი ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მხოლოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების გასაჩივრებული განცხადება დააკმაყოფილა, რითაც გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერების განცხადებას, სააპელაციო სასამართლომ გორის სასამართლოს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ბზიშვილის და კიკოლაშვილის 10 დღიანი პატიმრობა ძალაში დარჩა. ლექსო ვალიაური ამბობს, რომ სწორედ ბზიშვილი და კიკოლაშვილი არიან, რომლებიც მერეთში ხელისუფლების მიერ ჩაყვანილი ე.წ. ზონდერჯგუფების დარბევის შედეგად დაზარლდნენ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიკა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ისინი სახელისუფლებო პარტია მხარდამჭერების ნაადრევად გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.