რუსეთის საპასუხო ზომები ჩვენს პოზიციას არ შეცვლის - სკრიპალის მოწამლვაში მოსკოვს მიუძღვის ბრალი

რუსეთის საპასუხო ზომები ჩვენს პოზიციას არ შეცვლის - სკრიპალის მოწამლვაში მოსკოვს მიუძღვის ბრალი

რუსეთის მიერ დღეს გაცხადებული საპასუხო ზომები არ შეცვლის ლონდონის პოზიციას, რომელიც კვლავ მიიჩნევს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამლვაში მოსკოვს მიუძღვის ბრალი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსეთის პასუხი არ ცვლის საქმის არსს - ბრიტანეთის ტერიტორიაზე ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობას, რომელსაც აქვს მხოლოდ შემდეგი დასკვნა: პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსეთის უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და „კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ უთანხმოება რუს ხალხთან.

„ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება რუს ხალხთან და კვლავ გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგის შეწყვეტა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე“, - აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი და მოითხოვა, რომ მათ ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა.