ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც გუდაურში დღეს მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.

“მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას.

დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალქეები. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულები, მათ შორის ორსული ქალბატონი, რომელიც შვედეთის მოქალაქეა, სამკურნალოდ თბილისში რეანომობილითა და ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.