სერგეი ლავროვი „სკრიპალის საქმეზე“ - მათ სინდისზე იყოს, ვინც რუსოფობიურ ველზე ეს უსირცხვილო თამაში წამოიწყო

სერგეი ლავროვი „სკრიპალის საქმეზე“ - მათ სინდისზე იყოს, ვინც რუსოფობიურ ველზე ეს უსირცხვილო თამაში წამოიწყო

რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმე მორიგი ანტირუსული აქციაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ლიტვინენკოს საქმე დადგმული იყო, ბურუსით და გაურკვევლობით იყო მოცული, მაგრამ მაშინ მაინც ჩატარდა სასამართლო, რომლის შემდეგაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ გარკვეული რეფლექსების გატარება დაიწყო. ახლა სასამართლოც კი არ დაწყებულა. ამიტომ, მე აღარ მსურს მომხდარზე კომენტარის გაკეთება, დაე ეს დარჩეს მათ სინდისზე, ვინც რუსოფობიურ ველზე ეს აბსოლუტურად უსირცხვილო და გაუმართლებელი თამაში წამოიწყო“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.