ამერიკის კონგრესს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან ძლიერი რეზოლუცია

ამერიკის კონგრესს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან ძლიერი რეზოლუცია

ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან ძლიერი რეზოლუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ამერიკამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღოს.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას მხოლოდ დაეხმარება. რაც შეეხება საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტს, როგორც იცით, ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს ძალიან ძლიერი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს მოლაპარაკებები, კეთდება განცხადებები, ვეყრდნობით ამ ძალიან ძლიერ რეზოლუციას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა გაიზარდა, ურთიერთობები ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება მომავალშიც. ჩვენ გვაქვს 25 წლიანი თანამშრომლობის წარსული", - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტის ინიციატივაზე, თალაკვაძე პასუხობს, "არ ვიცი რა პასუხის მიღება გსურთ ჩემგან, მაგრამ კომენტარი უკვე გავაკეთე".

"პრეზიდენტი არის არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, შესაბამისად, როცა ის მართავს ვიზიტს აშშ-სა თუ სხვა ქვეყანაში, ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, როცა აკეთებს განცხადებებს, ან მოლაპარაკებებზე გარკვეულ არგუმენტებს სთავაზობს მხარეებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.