რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარი გააკეთეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გევინ უილიამსონის განცხადებაზე, რომელშიც მან „რუსეთს განზე გადგომა და მოკეტვა“ ურჩია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი „ბაზრის ქალის რიტორიკით“ საუბრობს.
„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მიერ ნაჩვენებმა ბაზრის ქალის რიტორიკამ მშვენივრად წარმოაჩინა მისი ინტელექტუალური იმპოტენცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ლონდონის ბრალდებები რუსეთთან მიმართებში უსაფუძვლოა“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს.
„ჩვენ ვნახავთ თუ როგორ რეაგირებს რუსეთი იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ის, რაც რუსეთმა სოლსბერიში გააკეთა, აღმაშფოთებელია. ჩვენ პასუხი გავეცით ამას. სიმართლე გითხრათ, რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს. მაგრამ თუ ჩვენს ზომებს უპასუხებენ, ჩვენ ზედმიწევით შევისწავლით მათ და ჩვენს შესაძლებლობებს განვიხილავთ“, - განაცხადა მან.