ევროკავშირი რუსეთის საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მიმართ სრულიად სოლიდარულია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რითაც შეაფასა დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.
იანოშ ჰერმანის თქმით, ასევე არსებობს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც რუსეთთან ურთიერთიერთობებში იწვევს უთანხმოებას.
"არის გარკვეული საკითხები და რუსეთთან ურთიერთობებში ბევრი სფეროა, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. არსებობს საკითხები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს შორის უთანხმოების მიზეზია. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ სრულიად სოლიდარულები ვართ გაერთიანებულ სამეფოს მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.