ვინმე თუ ეკლესიას აკრიტიკებს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეკლესიის მტერია

ვინმე თუ ეკლესიას აკრიტიკებს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეკლესიის მტერია

თეოლოგი ლევან აბაშიძე საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას ბუნდოვანს უწოდებს. როგორც აბაშიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი არ არის რა ძალებზეა საუბარი, რას ამბობენ ან რას აპირებენ ისინი. 

”ვინმე თუ ეკლესიას აკრიტიკებს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეკლესიის მტერია. შესაძლოა მოყვარეა ეკლესიის და შესაძლოა სამართლიანია მისი კრიტიკა. თვითონ საპატრიარქომ უნდა აგვიხსნას რას გულისხმობს, რა კამპანია იქნება, დაგვისაბუთონ, რომ ეს კამპანია იქნება უსამართლო. ასე ძნელია კომენტარი. იესო ქრისტეც აკრიტიკებდა იმდროინდელ მღვდელმთავრებს და იერარქიას, მაგრამ ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო მტერი ებრაელთა ხალხის ან სარწმუნოების. კონკრეტულად უნდა ვმსჯელობდეთ რაზეა საუბარი და არა აბსტრაქტულად, რომ გარკვეული ძალები ებრძვიან თურმე ეკლესიას”, - განაცხადა აბაშიძემ. 

საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითებს, რომ იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.

”არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, ,,ციანიდის საქმეც”.

რატომ ხდება ეს?

გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი;
მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ,,ელგებეტე” პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის…. და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში.
როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი”, - აცხადებენ საპატრიარქოში.