რუსეთის ფედერაციისადმი საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პროდასავლური პარტიები ერთობლივი განცხადების შემუშავებას აპირებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში არიან შეკრებილი, სადაც შეხვედრის მთავარი თემა პრემიერ–მინისტრის 11 მარტის განცხადებაა.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ითქვა, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. ოპოზიციის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ღიად პრორუსულია და გაუგებარს ხდის როგორც ჟენევის ფორმატს, ასევე დეოკუპაციის პოლიტიკას. გარდა ამისა, როგორც შეხვედრის დაწყების წინ აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების მზაობა, აწარმოოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ ამოცანას – ერთადერთ მხარედ არსებულ კონფლიქტში აღიარებულ იქნას რუსეთის ფედერაცია.
ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული გზავნილი ასევე ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.