ტერეზა მეის გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ მკაცრია, თუმცა არასაკმარისი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთთან უმაღლეს დონეზე კონტაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება შეაფასა.
ბოძაშვილი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიმართ ტერეზა მეის მიერ პარლამენტში გაცხადებული გადაწყვეტილებები უშიშროების საბჭოზე იყო მიღებული. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და სცილდება ცალკეული რეაგირებების აქამდე არსებულ პრაქტიკას.
„თუ ბრიტანეთის მთავრობის გამოცხადებულ ზომებს რუსეთის მიმართ, ადგილზე რუსული ოლიგარქიული ფინანსების, სხვადასხვა პირებისა და მოსკოვთან დაკავშირებული ბიზნეს წრეების აქტიური კონტროლი არ მოჰყვა, ეს ზომები დარჩება საზოგადოების აღსაქმელად „მკაცრად“, თუმცა არასაკმარისად და რუსეთის შემდგომ მსგავს ქმედებებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. ბრექსიტის ფონზე ბრიტანეთმა დაკარგა საერთო ევროპული ერთსულოვნებისა და სოლიდარობის ასპექტი და საფრანგეთისა და გერმანიის რუსეთის მიმართ თავშეკავებული პოზიციები ამ სოლიდარობის უპერსპექტივობას ამძაფრებს. ევროპა უნდა ყოფილიყო უფრო გამბედავი 2008 წლის აგვისტოს ომზე რეაგირებაში, ისევე როგორც უკრაინასთან მიმართებით, რათა მსგავსი რუსული თავგასულობის წინაშე არ დამდგარიყო. ე.წ. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა უკვე კარგა ხნის წინ აღმოჩნდა რუსეთისთვის მომგებიანი და წამგებიანი საერთო ევროატლანტიკური სტრატეგიისთვის. ამ პოლიტიკაზე აქცენტის გაკეთება, რუსეთისთვის მხოლოდ პიარული ხასიათის ზომებით პასუხი, არათანმიმდევრულობა და მოზომილი ქმედებები რუსეთის არ გაღიზიანების შიშით, სამომავლოდ უფრო მეტი რისკების საშიშროებას აჩენს.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ ტერეზა მეის მიერ პარლამენტში გამოცხადებული გადაწყვეტილებები ბრიტანული დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების დასკვნების საფუძველზე უშიშროების საბჭოზე იყო მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა, უშიშროების საბჭოს შექმნა მაინც აუცილებლად მიიჩნიეს თავის დროზე, რათა სამთავრობო უწყებებს შორის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საქმიანობის საერთო ეროვნული კოორდინაცია მომხდარიყო მთავრობის ფარგლებში. ამ კომპონენტის გარეშე დღევანდელი მომეტებული რისკების მიმართ სტრატეგიულ დონეზე გამკლავება პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული სამთავრობო უწყებების მიერ. ბრიტანეთის მიერ რუსეთის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კი სწორედ სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და სცილდება ცალკეული რეაგირებების აქამდე არსებულ პრაქტიკას.
რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა მსგავსმა ქმედებებმა სწორედ სტრატეგიული პოლიტიკის სახე შეიძინა და ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის მოწამვლის შემთხვევაც უნდა მივიჩნიოთ ამ პოლიტიკის ნაწილად. ჩვენ ვერ და არ უნდა დავკმაყოფილდეთ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მსგავსი მკაცრი რეაგირების მაგალითებით და გადაუდებლად უნდა ვიზრუნოთ შიდა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის მუდმივ ზრდაზე, მათ შორის პირველ რიგში სტრატეგიულ დონეზე. ამის გარეშე, ყოველგვარი ცალკეული მიმართვები, ტაქტიკური თუ მორიგი ხასიათის, ყოველთვის დარჩება კონტექსტიდან ამოვარდნილ და შემდგომ ნაბიჯებზე გაუთვლელ ქმედებებად რაც შედეგს ვერ მოიტანს. ეს ქვეყანას ტოვებს მუდმივად პარტნიორების ინიციატივის ამარად, რაც სულაც არ შედის არც ამერიკის და ევროპის ინტერესებში, თუ არ იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინიციატივები გათვლილი სტრატეგიულ დონეზე.
თავის დროზე ე.წ. კრიზისების საბჭოც სწორედ ბრიტანული ექსპერტიზის რჩევების საფუძველზე იქნა ინსტიტუციურად მოწყობილი, თუმცა პოლიტიკური ნების არ არსებობისა და უკვე კონსტიტუციურად არსებული უშიშროების საბჭოს პარალელურად ვერ იფუნქციონირა. ამჟამად უკვე თვეების წინ გამოცხადებული ასეთი ორგანოს შექმნის გეგმებიც ეჭვის ქვეშ დგას რომ ოდესმე შესრულდება, რადგან ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ გამოაცხადა.