საპატრიარქოსთვის განცხადება ერთგვარი ისტერიკაა, რომელიც აგონიურ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სისტემა დიდ კრიზისშია

საპატრიარქოსთვის განცხადება ერთგვარი ისტერიკაა, რომელიც აგონიურ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სისტემა დიდ კრიზისშია

საპატრიარქოს მხრიდან ხდება წინასწარი პრევენცია ნებისმიერი განსხვავებული მიდგომის, სადაც წარმოჩენილი იქნება საპატრიარქოს შეცდომები, მათი არასწორი პოლიტიკა და კანონდარღვევები, - ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას. მისი თქმით, ეს არის თავის დაზღვევის ერთგვარი საშუალება საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც გულისხმობს წინასწარ პრევენციას, რათა აღიკვეთოს ყოველი კრიტიკული აზრი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის არგუმენტირებული და ლეგიტიმური. 

”შესაბამისად, ამით ხდება, წინასწარი პრევენცია ნებისმიერი განსხვავებული მიდგომის, სადაც წარმოჩენილი იქნება საპატრიარქოს შეცდომები, მათი არასწორი პოლიტიკა, კანონდარღვევები და ა.შ. ეს არის მცდელობა წინასწარი ბარიკადის შექმნის, რომელიც ყოველ შეფასებას აცხადებს მტრულად. საბოლოო ჯამში, საპატრიარქოსთვის ეს არის ერთგვარი ისტერიკა, რომელიც აგონიურ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სისტემა გაცილებით დიდ კრიზისშია, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ამას თან ერთვის ნიკა გვარამიას შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, რომელსაც სავარაუდოდ, აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს მაღალი იერარქიის წარმომადგენლობას. თუ გიორგი მამალაძე იყო დამნაშავე და საგამოძიებო უწყებები ამაზე აპელირებენ, სასამართლომაც ეს დაადასტურა და არის მსჯავრდებული, ამ შემთხვევაში მას ჰყავს დამკვეთები, რომლებმაც დაავალეს მას, რომ შეესრულებინა ასეთი არამართლზომიერი და ბოროტ განზრახვა. ეს გულისხმობს, რომ გარეთ რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი თავისუფალია. შესაბამისად, დეკანოზს აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საპატრიარქოს იმიჯს, მის პრესტიჟს და ღირსებას, ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. დეკანოზი ასევე შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას ზნეობრივი და ფინანსური კუთხით დარღვევების შესახებაც, რაც საპატრიარქოსთვის განგაშის ზარების რეკვის საფუძველია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე დიდია მათთვის და გადაწყვიტეს თავიდან აერიდებინათ ეს”, - განაცხადა ტიგინაშვილმა. 

მისივე თქმით, საპატრიარქოს წინასწარ გაკეთებული განცხადებები მრევლისთვის ვერ იქნება დამაჯერებელი. 

”თანმიმდევრულად ხდება ყველა სეგმენტის, ყველა შრის გაწბილება, რომელიც საპატრიარქოში წლების მანძილზე იყო დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობის და მოიერიშე დომინანტობის რეჟიმში. ფაქტობრივად, ყველა საკითხს ედო ტაბუ, არავითარი წვდომა არ არსებობდა ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე, საზოგადოება იყო ამ თვალსაზრისით იზოლირებული და მითებსა და ლეგენდებს აყოლილი. დღეს უკვე რაციონალური განსჯა მიმდინარეობს პროცესების და ამოტივტივებულია საპატრიარქოში არსებული პრობლემები და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ერთხმად მოხდა ეკლესიაზე უარის თქმა. მრევლის კლებადობის დინამიკის კუთხით, კატასტროფული ვითარებაა”, - აღნიშნა ტიგინაშვილმა. 

საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითებს, რომ იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.

”არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, ,,ციანიდის საქმეც”.

რატომ ხდება ეს?

გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი;
მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ,,ელგებეტე” პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის…. და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში.
როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი”, - აცხადებენ საპატრიარქოში.