რუსეთის ფედერაციაში არავითარი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები „ნოვიჩოკის“ სახელწოდებით არ ჩატარებულა, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაეროში სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით გამართულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.
მისი თქმით, მოცემული ქიმიური ნივთიერების - „ნოვიჩოკის“ წარმოშობის ადგილი შეიძლება იყოს ის ქვეყნები, სადაც ამ მიმართულებით 90-იანი წლებიდან მოყოლებული ინტენსიური კვლევები ტარდება, მათ შორის დიდი ბრიტანეთი. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში არ მონაწილეობდა და მზადა არის, ინციდენტის გამოძიებაში დიდ ბრიტანეთთან ერთობლივი მუშაობისთვის.
„ლონდონის ულტიმატუმი მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია. ველოდებით, რომ გაერთიანებული სამეფო ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო აქტების, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად იმოქმედებს, ასევე ერთობლივი მუშაობისთვის წარმოგვიდგენს იმ ნივთიერების ნიმუშებს, რომელზეც ბრიტანული გამოძიება საუბრობს და რომელსაც რუსული წარმომავლობა მიეწერება“, - განაცხადა ნებენზიამ და დაამატა, რომ ეს კონვენციის აუცილებელი მოთხოვნაა.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი გამოძიებისთვის, არაფრის გვეშინია და დასამალი არაფერი გვაქვს“, - დაამატა მან. მისი თქმით, რუსეთს სკრიპალის ლიკვიდაციისთვის მიზეზი არ ჰქონდა და არაფერში გამოადგებოდა, მითუმეტეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე.
„სამაგიეროდ, ვიცი რამდენიმე ქვეყანა - მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით მათ არ დავასახელებ - ვისთვისაც ეს ინციდენტი და რუსეთის დადანაშაულება განსაკუთრებით ხელსაყრელი და დროულია“ , - განაცხადა ნებენზიამ.
მან დაამატა, რომ სკრიპალი, რომელსაც ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი, სასჯელი მოიხადა და შეიწყალეს, ის რუსეთისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა. „სამაგიეროდ ის შესანიშნავია მსხვერპლის როლისთვის, რომლითაც ნებისმიერი წარმოუდგენელი ტყუილის, ჭუჭყისა და შავი პიარის გამართლება შეიძლება რუსეთთან დაკავშირებით“, - დაამატა ნებენზიამ.
გაეროს უშიშროების საბჭომ ლონდონის მოთხოვნით 14 მარტს ГРУ-ს ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა. დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა რუსეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამასთანავე, ალენმა განაცხადა, რომ მოსკოვს იმ ნივთიერების ნიმუშებს გადასცემენ, რომლითაც სკრიპალი მოწამლეს.