აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ ყირიმში სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ოთხი წლის წინ რუსეთმა უკანონო „რეფერენდუმი“ ჩაატარა უკრაინაში, რათა უკრაინის ტერიტორის ანექსია შეენიღბა.
„ყირიმის მოსახლეობა „რეფერენდუმის“ დროს იძულებული იყო ხმა მიეცა შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების მეთვალყურეობის ქვეშ. რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინელებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთეს ამ ფიქციურ „რეფერენდუმში“, ყოველთვის აკლდა დამაჯერებლობა“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ყირიმში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლით რუსეთის ხელისუფლებამ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს საერთაშორისო წესრიგს და სუვერენული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.