რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ ყირიმსა და საქართველოში

რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ ყირიმსა და საქართველოში

რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ ყირიმსა და საქართველოში, - ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა განაცხადა.

„რუსეთს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მკვლელობების გამოცდილება აქვს. რუსეთს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის გამოცდილება აქვს. რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ ყირიმსა და საქართველოში. რუსეთი უგულებელყოფს სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს“, - განაცხადა ჯონათან ალენმა.

მისი თქმით, რუსეთი დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დგას. „იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნივთიერება რუსეთში იყო დამზადებული და რუსეთის სახელმწიფოს დაგეგმილი მკვლელობების გამოცდილება აქვს, მათ შორის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების, რომლებსაც ისინი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ დიდი ვარაუდი იყო იმისა, რომ რუსეთი ამის უკან იდგა. ჩვენ მივმართეთ რუსეთის მთავრობას, განმარტება გაეკეთებინა. მათ არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ დაგვესკვნა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი ამ ინციდენტზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული. ეს იყო ძალის უკანონო გამოყენება. ეს იყო გაერო-ს წესდების მე-2 მუხლის დარღვევა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.