კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ

კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ

გიორგი კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ, - ამის შესაახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიესალმა.

“რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და “ეთანხმება“ მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით ე.წ. პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას რა თქმა უნდა არ აპირებენ და პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში. კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ. დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. „კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.