პრემიერმა მოახერხა და МИД-ის განცხადების სამივე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან - გვიხაროდენ

პრემიერმა მოახერხა და МИД-ის განცხადების სამივე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან - გვიხაროდენ

მოკლედ, პრემიერმა მოახერხა და МИД-ის სამაბზაციან განცხადებაში სამივე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან. გვიხაროდენ. Приехали!, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. 

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ გასამდა და სამ-აბზაციანი განცხადებით შეაქო პრემიერის სამარცხვინო განცხადება.

”რუსეთის МИД-მა სამაბზაციანი განცხადებით შეაქო პრემიერის სამარცხვინო განცხადება. ინაშვილის და ბურჯანაძის შემდეგ გასამდა. პირველ აბზაცში გვითხრეს: გვიხარია, რომ ჩვენთან ურთიერთობების დარეგულირება გინდათო. ჩვენც ეგ გვინდაო.
მეორე აბზაცში: ჟენევის შემდეგ რაუნდზე მარტის ბოლოს ვგეგმავთ, რომ განცხადება მივიღოთ ძალის არგამოყენებაზეო და იმედია, მანდაც კოსტრუქციული იქნებითო (სტრიქონებს შორის: ვინც არ იცით, თუ ამ განცხადებას ქართული მხარე დაეთანხმება, დასრულდება რუსეთზე ზეწოლა, რომ ჩვენს მიმართ აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და რუსეთი პირველად იტყვის ჟენევაში, რომ ცხინვალი და სოხუმი შევათანხმე თბილისთან ერთმანეთის თავდაუმსხმელობაზეო). მოკლედ, აბა თქვენ იცით, მარტის ბოლოს, არ შეგვარცხვინოთო! და თუ გინდათ, პრემიერი ჩამოვიდეს ჟენევაშიო - კარგი აზრიაო.

მესამე აბზაცში: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი რომ გინდათ პირდაპირ, ზუსტად მაგას გიჩიჩინებთ ამდენი ხანიო. ეგ არ არის ქართულ-რუსული საქმე და ერთმანეთში მოაგვარეთ სახელმწიფო დონეზეო.

მოკლედ, პრემიერმა მოახერხა და МИД-ის სამაბზაციან განცხადებაში სამივე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან. გვიხაროდენ. Приехали!”, - აცხადებს კაპანაძე. 

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. „კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.