რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან უერთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატია ადგილი, სადაც განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მანამ, სანამ არ მოხდება 2008 წელს დადებული შეთანხმებების შესრულება. 

„მოვისმინე ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს მინიშნებაა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის და ა.შ. სად დაინახეს ან როგორ წაიკითხეს ეს მინიშნება, გასაოცარია. რანაირად უნდა აღდგეს ამ ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ხომ წარმოუდგენელია და არც დგას დღის წესრიგში, ვერც დადგება ამ ვითარებაში და ეს რუსებმაც კარგად იციან. 

ჟენევა არის მთავარი ფორმატი, სადაც განიხილება რუსეთთან ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითები. ეს ფორმატი შეიქმნა 2008 წლის შემდეგ და გარკვეულ შეთანხმებასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.