ტაქსის მძღოლები ლუკმა-პურის საშოვნელად არიან გამოსული ქუჩაში - ნუ ჩავუყოფთ მათ ჯიბეში ხელს, - ამის შესახებ უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომლის შეფასებით, ტაქსის მძღოლებისათვის სანებართვო პირობების დაწესება ლუკმა-პურის წართმევას ნიშნავს.
როგორც კახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ათასობით თვითდასაქმებული ადამიანია, რომელიც ელემენტარული საარსებო პირობებისათვის იბრძვის.
უმცირესობის შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, თბილისში ტაქსის მომსახურება გაძვირდება, ხოლო ზოგიერთი მანქანა საერთოდ გაჩერდება, რადგან რეფორმის შემდგომი ეტაპი ტაქსების შიდა და გარე ვიზუალის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
“ტაქსის მძღოლებისათვის შემოდის სანებართვო პირობები. მათ დაუდგენენ ნებართვის ფასს, ანუ გადასახადს. მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ მცირე მეწარმეებად დარეგისტრიდნენ და შესაბამისი საგადასახადო შეღავათით ისარგებლონ. პრაქტიკულად, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც სახლში ლუკმა-პური მიაქვს, ამ ლუკმა-პურს აცლიან“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.