არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ უნდა იყოს ფუჭი გასროლასავით

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ უნდა იყოს ფუჭი გასროლასავით

ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა.

"ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს რაღაც ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და არა მარტო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ბოლომდე შეთანხმდეს ტექსტი, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი", განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სანქციების ნაწილთან დაკავშირებით არის ბევრი სპეკულაცია.

"ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ, ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიესალმა ცხინვალში დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას.