რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შეხვედრის შესახებ შეთანხმება განხორციელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მივიჩნევთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება რეალიზებული იქნება. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, რათა კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ სიტუაცია ნორმალიზდეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრამ სრულფორმატიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი უნდა აღდგინოს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველის ჩონ ი იონის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის მაისამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდეს.
აღნიშნული დაადასტურა თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა.
„ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდება დათქმულ დროსა და ადგილას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციას. ამასთან, სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს“, - განაცხადა სარა სანდერსმა.