თუ მმართველი გუნდი არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ

თუ მმართველი გუნდი არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ

თუკი მმართველი გუნდი უარს იტყვის ”ევროპული საქართველოს” მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტზე და არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, ჩვენ არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის თავხედური ქმედებები უფრო და უფრო იზრდება და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ თავხედობა არაფრის ფასად არ უჯდებათ.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუკი ხელისუფლების მიზანია გადადგას სერიოზული ნაბიჯი პრევენციის მიმართულებით, მან ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის წინადადება უნდა გაიზიაროს და პარლამენტის რეზოლუციაში ასახოს.

„ევროპული საქართველო” ხელისუფლებას ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტის შექმნას სთავაზობს, რომელიც რუსეთს ფასად დაუსვამს იმგვარ თავხედობას, რასაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ საოკუპაციო ხაზზე დახვრეტილი გიგა ოთხოზორია და ვხედავთ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ხდება. ამიტომ, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს სერიოზულ პოლიტიკურ ფასს დაუსვამს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების განახლება დღეიდან იგეგმება. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა კონსულტაციას საგარეო უწყებასთან აპირებს.