მნიშვნელოვანია, რომ სამივე არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს

მნიშვნელოვანია, რომ სამივე არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს

„ევროპული საქართველო“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჰყავდეთ ცაიშში საკრებულოს არჩევნებზეც.

,,ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც ოპოზიციამ მოუგო არჩევნები ხელისუფლებას. ეს კრიზისი კიდევ გრძელდება და აჩვენა ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არის შესაძლებელი, როდესაც ოპოზიცია თანამშრომლობს. ჩვენ ამ წელში გვაქვს სამი არჩევნები. რა თქმა უნდა, მათი წონა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს გამოტოვებული არჩევნები ხონსა და ვანში, გამოტოვებული არჩევნები ცაიშის საკრებულოში და შემოდგომაზე - საპრეზიდენტო არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ამ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს და შესაძლებელია, ერთად, ერთიანი ძალისხმევით შეერკინოს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსხური ავრცელებს.

„ევროპული საქართველო“ პროდასავლურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს იქნება წინაპირობა, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაემშვიდობოს.