სპეცპროკურორმა დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან საიდუმლო არხის შექმნის მცდელობაზე მტკიცებულებები მიიღო

სპეცპროკურორმა დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან საიდუმლო არხის შექმნის მცდელობაზე მტკიცებულებები მიიღო

აშშ-ს სპეცპროკურორმა რობერტ მუელერმა მტკიცებულებები მიიღო იმის თაობაზე, რომ დონალდ ტრამპის გარემოცვას რუსეთთან საიდუმლო არხის შექმნის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, გამომძიებლები ახლა მიიჩნევენ, რომ 2017 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, სეიშელის კუნძულებზე კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის დამფუძნებელ ერიკ პრინსსა და პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელ კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასა და კრემლს შორის საიდუმლო არხის შექმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო. 

აღსანიშნავია, რომ შარშან აშშ-ს კონგრესში ჩვენების მიცემისას ერიკ პრინსმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა შემთხვევით შედგა. 

ერიკ პრინსის ეს ჩვენება უარყო მისმა ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა ჯორჯ ნადერმა. ჯორჯ ნადერის თქმით, ერიკ პრინსისა და კირიკ დმიტრიევის შეხვედრა მის მიერ იყო ორგანიზებული, რათა ტრამპის გუნდის წევრს კრემლის წარმომადგენელთან განეხილა ორმხრივი ურთიერთობები. 

ამ მომენტისთვის აშშ-ს სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მუელერმა 19 პირს წარუდგინა ბრალდება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის ფარგლებში, მათ შორის, რუსეთის 13 მოქალაქეა.