რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მკვლელობის მცდელობისას ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს

რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მკვლელობის მცდელობისას ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობისას ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერება იყო გამოყენებული. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

„ჩვენ განვიხილავთ ამას, როგორც სერიოზულ ინციდენტს - ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით მკვლელობის მცდელობას“, - განაცხადა ლონდონის კონტრტერორისტული პოლიციის უფროსმა მარკ როულიმ, თუმცა ამ ნივთიერების შესახებ დამატებითი დეტალების გამოქვეყნებისგან მან თავი შეიკავა.

„ასევე შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ორ ადამიანს ჩვენ კონკრეტულ სამიზნედ მივიჩნევთ“, - აღნიშნა როულიმ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში სავარაუდოდ მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 6 მარტს გადაიყვანეს. 

66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან.

2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.