საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, ფრანგული მხარისგან გარკვეული ტიპის დახმარებას იღებენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, ფრანგული მხარისგან გარკვეული ტიპის დახმარებას იღებენ

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, საფრანგეთისგან გარკვეული ტიპის მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას იღებენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განუცხადა.

ელჩის განმარტებით, არსებობს წარმომადგენლობითი ორგანო OFII , რომლისთვისაც მიმართვა საფრანგეთის დატოვების მსურველ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. ფრანგი დიპლომატის განმარტებით, თუკი სამშობლოში დაბრუნების მსურველებს ბიზნეს- ან სხვა სახის იდეა გააჩნიათ, აღნიშნული წარმომადგენლობითი ბიურო მათ ამ იდეების განხორციელებაში ეხმარება.

„წელიწადში საქართველოს 40–50 მოქალაქე იღებს ამ დახმარებას. ეს არიან ის ქართველები, რომლებმაც ვერ მოახერხეს საფრანგეთში მოქალაქეობის სტატუსის მიღება და ურჩევნიათ საქართველოში დაბრუნება. საქართველოში არის წარმომადგენლობა, ბიურო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა ამ მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს. დახმარება კი გულისხმობს იმას, რომ ამ მოქალაქეებმა შექმნან მცირე საწარმოები ან წარმოადგინონ საკუთარი ბიზნესპროექტები, ასევე წარმომადგენლობა მოქალაქეებს ტექნიკურ რჩევებსაც აძლევს იმის თაობაზე, თუ რა სჭირდებათ კონკრეტული პროგრამის განხორციელებაში. დახმარებაში ასევე ფულადი დახმარებაც იგულისხმება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო OFII საქართველოს მოქალაქეებს უშუალოდ სამშობლოში დაბრუნებაშიც ეხმარება.

„დაბრუნების საკითხშიც ეს ორგანიზაცია ეხმარება, მათ შორის ბილეთის თანხებს ეს ორგანიზაცია ფარავს. ეხმარებიან როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური რჩევებითაც. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სერიოზული ბიზნესპროექტი. მოქალაქეებმა უნდა დაარწმუნონ ეს ადამიანები (ბიუროს წარმომადგენლები), რომ უნდათ საქართველოში დარჩენა და ახალი ცხოვრების დაწყება. ამ მოქალაქეების საქმიანობაზე კი შემდეგ კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის გარდა, უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ გარკვეულ დახმარებას გერმანიაც სთავაზობს.