რუსეთში არა ამერიკული, არამედ რუსეთის კანონების თანახმად ცხოვრობენ და მომავალშიც ასე იქნება

რუსეთში არა ამერიკული, არამედ რუსეთის კანონების თანახმად ცხოვრობენ და მომავალშიც ასე იქნება

მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ს არჩევნებში ჩაერივნენ, თუკი რუსეთის ფედერაციის კანონები დაარღვიეს, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„თუ მათ რუსეთის კანონმდებლობა დაარღვიეს, მაშინ პასუხისგებაში მივცემთ. თუ რუსული კანონმდებლობა არ დაურღვევიათ, მაშინ პასუხისგებაში მისაცემად მიზეზი არ გვექნება. ბოლოს და ბოლოს, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ რუსეთში არა ამერიკული, არამედ რუსეთის კანონების მიხედვით ცხოვრობენ და მომავალშიც ასე იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო დადანაშაულებული რუსეთის 13 მოქალაქე და 3 რუსული ორგანიზაცია მართლაც რომ ჩარეულიყვნენ არჩევნებში, ეს მას არ აინტერესებს.

„ჩემთვის სულ ერთია, სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს. თუ თქვენ რამე გაღელვებთ, მაშინ ოფიციალურად გვითხარით, გამოგვიგზავნეთ საბუთი, რომელიც ამას ადასტურებს. აგვიხსენით, კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ და ჩვენც განვიხილავთ“, - დაამატა პუტინმა.

აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე საგანგებო პროკურორის რობერტ მუელერის აპარატმა რუსეთის 13 მოქალაქეს და 3 რუსულ ორგანიზაციას ბრალდება 16 თებერვალს წაუყენა. მათ ადანაშაულებენ აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებაში, „შეთქმულებაში თაღლითობის მიზნით საბანკო მაქინაციებისთვის მონაცემთა გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაში“, ასევე „პერსონალურ მონაცემთა მიტაცებაში დამამძიმებელი გარემოებებით“.