საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ პანკისის ხეობა ისეთივე უმართავი გახდეს, როგორც ეს 20 წლის წინ იყო

საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ პანკისის ხეობა ისეთივე უმართავი გახდეს, როგორც ეს 20 წლის წინ იყო

საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ პანკისის ხეობა ისეთივე უმართავი გახდეს, როგორც ეს 20 წლის წინ იყო, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა განაცხადა. იალოვიცი ამერიკის ელჩი საქართველოში ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო. მან ინტერვიუში 1999 წელს, რუსეთის მიერ პანკისის ხეობაში შემოჭრის მზაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ წამოწყებულმა ოთხპუნქტიანმა გეგმამ, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდა, საქართველო იმ პერიოდში რუსეთის თავდასხმისგან იხსნა. ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოსთან პანკისის თემის წამოწევა და ამით ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა, ადვილად შეუძლია.

„შევარდნაძის მთავრობას აქტიურად მოვუწოდებდით პანკისზე კონტროლი დაემყარებინა - სიტუაციას ამის გარდა, სხვა ვერაფერი შეცვლიდა. დღეს ისმის შეშფოთება ტერორიზმთან დაკავშირებით. დღეს საქართველოს მოვუწოდებ ფრთხილად დააკვირდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან უკან. ისინი შეიძლება ჩეჩნები და შეიძლება ქართველები იყვნენ. საქართველომ ყველანაირად უნდა სცადოს ამ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა. რუსეთს იგივე პრობლემა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით და ამ სფეროში, ვფიქრობ საქართველოს და რუსეთის ინტერესები იკვეთება. არ ვიცი ეს რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ ეს აზრი მომსვლია. საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ პანკისის ხეობა ისეთივე უმართავი გახდეს, როგორც ეს 20 წლის წინ იყო. ამ სახის კონტროლის დაწესება კი პოლიციის ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. მე არ ვიცი რამდენად აქტიურადაა პოლიცია მოსახლეობასთან ჩართული პანკისის ხეობაში დღეს. მაგრამ ვიცი, რომ საკმარისი რაოდენობის პოლიციის ოფიცრების ყოლა მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი იქნება და „ცუდი ადამიანების“ რეგიონში დაბრუნებას ხელს შეუშლის. პოლიციასთან ერთად, ცხადია, აქტიურად უნდა მუშაობდეს სადაზვერვო სამსახურებიც“, - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.