კონსულტაციებში არის საერთო მიზანი გამოკვეთილი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია

კონსულტაციებში არის საერთო მიზანი გამოკვეთილი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთიანი რეზოლუციის შესამუშავებლად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დაჭირდება. 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამ დროისთვის კონკრეტულ დეტალებზე თუ რაზე მოხდა შეთანხმება, ვერ ისაუბრებს, რადგან კონსულტაციები გრძელდება. 

"კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ უკვე შევედით კონკრეტულ დეტალებში. თუ როგორ მოხდება რეზოლუციების პროექტში ასახული ინსტრუმენტების გამოყენება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას კონკრეტულად მექანიზმებზე, რომელსაც უმცირესობა გვთავაზობს, წინასწარ ამაზე პოზიციის დაფიქსირებისგან შევთანხმდით, რომ თავს შევიკავებთ, ვინაიდან კონსულტაციებში არის საერთო მიზანი გამოკვეთილი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია და ჩვენ არ გვინდა, რომ წინასწარი შეფასებებით და განცხადებებით მიმდინარე კონსულტაციების პროცესი დავაზიანოთ. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, პირველ რიგში კომიტეტის ფორმატში ვუყრით კენჭს რეზოლუციას და შემდეგ გავიტანთ უახლოეს სესიაზე",- განაცხადა თალაკვაძემ.