ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის შემუშავებასთან დაკავშირებით უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება

ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის შემუშავებასთან დაკავშირებით უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის შემუშავებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება. 

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, ჯერ ბოლომდე საერთო ტექსტზე შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა ნაბიჯები წინ გადაიდგა. მისივე თქმით, ვინაიდან კონსულტაციები გრძელდება, შესაბამისად, ხვალ რეზოლუციის სესიაზე გატანა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. 

"ვისაუბრეთ იმ ორ პროექტზე, რომელიც აქვს უმცირესობას და უმრავლესობას. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პოზიციები. სამუშაო გრძელდება, რადგან ჯერ ბოლომდე საერთო ტექსტზე შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა ნაბიჯები წინ გადავდგით. კონსულტაციებს გავაგრძელებთ კიდევ იმ მიზნით, რომ ერთიანი დოკუმენტი შევიმუშაოთ, რომელშიც აისახება როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული აზრები. 
ეს დოკუმენტები არის საკმაოდ ვრცელი და მოიცავს როგორც შეფასებით ნაწილს, ისე ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტები და შეფასებები იყოს თანხვედრაში. ამიტომ, ასე ერთ და ორ შეხვედრაზე ერთიანი ტექსტის შეთანხმება რთულია. სამუშაო ჩატარდა საკმაოდ დიდი და დაგვრჩა სავარაუდოდ რამდენიმე შეხვედრა იმისთვის, რომ ერთიანი ტექსტი შემუშავდეს. ეს სავარაუდოდ ხვალინდელი სესიისთვის ვერ მოესწრება",- განაცხადა კაპანაძემ. 

მისივე თქმით, ეს ორი დოკუმენტი არის საკმაოდ ვრცელი და საჭიროებს დეტალურ განხილვას. "ჩვენს მიერ შეთავაზებული არის კონკრეტული სიის შედგენა კონკრეტული კრიტერიუმებით. უმრავლესობის მხრიდან იყო საუბარი თავიანთ ვერსიაზე. სამუშაოს გავაგრძელებთ, რომ შევიმუშავოთ ერთიანი რეზოლუცია, რომელშიც ასევე იქნება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია",- განაცხადა კაპანაძემ.