ნურავის ექნება იმედი, რომ არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები დავიწყებას მიეცემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავენ.
არჩილ თალაკვაძემ პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უმძიმესი დანაკარგის გამო მიუსამძიმრა.
„ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა დამწუხრებულები ვართ მისი გარდაცვალების ფაქტის გამო. მოხდა ძალიან მძიმე დანაშაული. მოხდა ჩვენი თანამოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა ცხინვალის რეგიონში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოში ყველა მხარის მიერ ამ მძიმე დანაშაულს მიეცა სათანადო, მკაცრი შეფასება. ასევე მივესალმებით, რომ ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც ამ ფაქტს მოჰყვა ძალიან მკაცრი და ობიექტური შეფასებები. ნურავის ექნება იმედი, რომ არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები დავიწყებას მიეცემა. ჩვენ ყველა შესაბამის ფორმატში, საერთაშორისო ფორმატებში გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა ეს საკითხი დარჩეს დღის წესრიგში, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის, სიცოცხლის ხელყოფის, თავისუფლების უკანონო ხელყოფის რისკებთან დაკავშირებით არ იქნება კიდევ უფრო მკვეთრი ზომები მიღებული და რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე, იქ არსებულ ვითარებაზე, სათანადოდ არ გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე განცხადებით, მიზანი არის ის, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც ექნება ყველა პარტიის მხრიდან მხარდაჭერა, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწყო კონსულტაციები ყველა ფრაქციასთან.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი დასაბუთებული რეკომენდაცია თუ შემოთავაზება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით განვიხილოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ექნება ერთიანი მხარდაჭერა და გამოხატავს პარლამენტის ერთიან ძლიერ რეაქციას, ერთიან ძლიერ პასუხს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.