საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის აზრით, გარკვეული კვლევაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ გაირკვეს რა კატეგორტიის ადამიანები ჩადიან ევროპაში, რომლებსაც კრიმინალი უკავშირდება. როგორც ვოლსკიმ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ, ულტრირებულია საუბარი საქართველოდან კრიმინალის გადინებაზე.
„კრიმინალის გაზრდაზე და ევროპაში გადინებაზე საუბარი ულტრირებულია, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ისეთი, რომელზეც თვალი უნდა დაიხუჭოს. არსებულ კრიმინალს თუ აქედან ჩასული კრიმინალი დაემატა, ეს ძალიან ცუდია და რთული ამოცანების წინაშე დავდგებით. მეორე საკითხია ასევე ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ვისურვებდი უახლოეს პერიოდში გვქონდეს ანალიზი თუ რა კატეგორიის ხალხია ჩასული, ვის უკავშირდება კრიმინალი, რამე ჯგუფში ერთიანდება, თუ რაღაც „შოფ ლიფთინგის“ დონეზეა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ჩემი ღრმა რწმენით, სოციალოგიური კვლევაა ჩასატარებელი, რადგან ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას და ეროვნულ თემას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.